იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2022 წლის მადრიდის სამიტზე მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიწვევაზე შეთანხმდნენ. შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა თურქეთთან სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი და შედეგად, მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ნატო-ს ახალი წევრი გახდა. ახლა კი, სტოლტენბერგის თქმით, შვედეთის გაწევრიანების დროა.
გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ შვედეთმა მიიღო საჭირო ზომები, განახორციელა ცვლილებები კონსტიტუციაში, შემოიღო ანტიტერორისტული კანონი, მოხსნა დაწესებული შეზღუდვა თურქეთთან იარაღის ექსპორტზე და გააძლიერა ანტიტერორისტული თანამშრომლობა.
„ამ შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს. ყველა ვთანხმდებით, რომ შვედეთის სრულფასოვანი წევრობა ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებშია და ყველას გვსურს ამ პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, შვედეთის გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი სამხედრო სარგებელი იქნება ალიანსისთვის, მათ შორის შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე უწყვეტი ფარის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„შვედეთის წევრობა ყველა ჩვენგანს გააძლიერებს და უსაფრთხოს გახდის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.