იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბელარუსი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა. არავინ, მათ შორი რუსეთი, არ უნდა ჩაერიოს მის შიდა საქმეებში”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
„ბილდთან“ საუბარში იენს სტოლტენბერგმა მიუღებელი უწოდა ბელარუსის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„პრეზიდენტ ლუკაშენკომ და მინსკში რეჟიმმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბელარუსმა ხალხმა გადაწყვიტოს და განსაზღვროს ბელარუსის მომავალი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმაროს, მათ შორის სამხედრო გზით. როგორც პუტინმა აღნიშნა, ალექსანდრ ლუკაშენკოს თხოვნით, მან შექმნა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა რეზერვი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში გამოიყენებენ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსში შექმნილი ვითარება მშვიდობიანი გზით დარეგულირდება.
ბელარსუში ანტისამთავრობო დემონსტრაციები თითქმის სამი კვირაა გრძელდება. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.