იენს სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს პოლონეთის მიერ უკრაინის თავზე რაკეტების ჩამოგდების იდეას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს პოლონეთის მიერ უკრაინის თავზე რაკეტების ჩამოგდების იდეას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ალიანსის გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის მიერ მისი ტერიტორიისკენ მიმავალი რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეაზე, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იქნებიან.
„ნატო-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში. ჩვენ არ გავხდებით კონფლიქტის ნაწილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ერთიანი ამბების“ ტელემარათონში.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას რუსული თვითმფრინავების განადგურებაში, მაგრამ ამაში უშუალოდ არ იქნება ჩართული.
ნატო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები მოწოდებული არიან, უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდონ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, თუმცა უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ თვითმფრინავები, არამედ მფრინავები, რომლებსაც აქვთ საჭირო მომზადება.
ინტერვიუში ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რეალურად ე.წ. გერმანულ სცენარს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაზეც სტოლტენბერგმა უპასუხა:
„ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მოდელი და ფრთხილი ვიქნები საუბრისას, თუ რომელი გამოსავალი შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინაში. ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად არის პუტინის გამარჯვების თავიდან აცილება, რაც ნიშნავს უკრაინის სუვერენულად და დამოუკიდებლად დარჩენის უზრუნველყოფას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.