იენს სტოლტენბერგის ანგარიში - საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია, თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო რეფორმების ძალისხმევას და ინტეგრაციის მიზანს
იენს სტოლტენბერგის ანგარიში - საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია, თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო რეფორმების ძალისხმევას და ინტეგრაციის მიზანს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებზე 2023 წლის განმავლობაში. ანგარიშში საუბარია საქართველოზეც.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია. დროთა განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი არის ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი. 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა შესაძლებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში, რაც მნიშვნელოვნად აისახა საქართველოზე, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდა 2023 წელს, მადრიდის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო უზრუნველყოფილი ყოფილიყო მასზე მორგებული მხარდაჭერით. პაკეტისა და მისი 18 ინიციატივის შესრულება განაგრძობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ფოკუსირებულია საწვრთნელ ობიექტებზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატო-ს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ქვეყანამ თავისუფლად უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები და განსაზღვროს თავისი უსაფრთხოების არქიტექტურა, მათ შორის, რომელ ხელშეკრულებას ან ალიანსს შეუერთდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრობისკენ კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული დემოკრატიისთვის, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წევრობაზე გადაწყვეტილების მიღება არის მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეების პრეროგატივა.

როგორც დოკუმენტში წერია, ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ დაადასტურა, რომ მოკავშირეები ერთგული რჩებიან ნატო-ში საქართველოს საბოლოოდ წევრობის მხარდაჭერის მიმართ.

ანგარიშში ნახსენებია სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტიც. ნათქვამია, რომ ის შეხვდა სახელმწიფოების მეთაურებს, მინისტრებს, დიპლომატებს და სამოქალაქო საზოგადოებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ნატო-მ მხარდაჭერა გამოხატა ამ სამივე პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, გაფართოვდა საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტები.