იენს სტოლტენბერგი - წელს გვექნება წვრთნები საქართველოსთან ერთად, ეს იქნება დემონსტრაცია, როგორ ვმუშაობთ მჭიდროდ და ერთობლივად
ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში გამართული შეხვედრისას მოკავშირეებმა გამოხატეს საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მისივე თქმით, მოკავშირეები საქართველოს და უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უჭერენ მხარს და მიმდინარე წელს ჩატარდება წვრთნები საქართველოსთან ერთად, რაც ერთობლივად მუშაობის დემონსტრირება იქნება.
„გვქონდა კარგი შეხვედრა ორივე ქვეყნის მინისტრთან საქართველოდან და უკრაინიდან. ამ შეხვედრაზე მოკავშირეებმა გამოხატეს საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოკავშირეები საქართველოს და უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უჭერენ მხარს. ამას ვაკეთებთ ნატო-ს ფარგლებში, ორმხრივი მხარდაჭერით, წვრთნებით, შესაძლებლობების განვითარებით და მიმდინარე წელს გვექნება წვრთნები საქართველოსთან ერთად, ნატო იქნება ამ წვრთნების მონაწილე. წვრთნებს გავმართავთ ერთობლივად და ეს იქნება იმის დემონსტრაცია, როგორ ვმუშაობთ მჭიდროდ და ერთობლივად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონს ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„იქ რაც ხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნატო-ს სამი წევრი შავი ზღვის რეგიონშია და გვყავს ძალიან ახლო ორი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე პარტნიორებისთვის, რაც დღეს მკაფიოდ იქნა დადასტურებული. ჩვენი პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არ შეცვლილა. ამჟამად ყურადღება გამახვილებულია რეფორემბზე, საქართველოს და უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.