იენს სტოლტენბერგი - წარსულს ჩაბარდა დრო, როცა დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებას 
იენს სტოლტენბერგი - წარსულს ჩაბარდა დრო, როცა დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებას 

რუსეთს არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნების ნაცვლად და არ აქვს უფლება, განსაზღვროს, რას გააკეთებენ მისი მეზობელი ქვეყნები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას, კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხებოდა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი, თავად გადაწყვიტოს, რომელ ინსტიტუციას შეუერთდება თავდავისუნარიანობის გაზრდისა და უსაფრთხოების მიზნით.

„ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებას. მე თავად პატარა ქვეყნის, ნორვეგიის წარმომადგენელი ვარ და ვამაყობ, რომ 1949 წელს ჩემი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და საბჭოთა კავშირს უფლება არ ჰქონია, ამ პროცესში ხმა ამოეღო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, თავად იდეა იმისა, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ძალიან მცდარი აღქმაა.

„რეალობა ისაა, რომ გადაწყვეტილებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მხოლოდ 29 წევრი ქვეყანა და კანდიდატი საქართველო ერთად იღებენ. მივესალმები ფაქტს, რომ ახლახან,  სამიტზე ამ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ მოდერნიზაციას, თავდაცვის ინსტიტუციის გაძლიერებას, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს პროგრამებსა და საქართველოს მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში. რუსეთს არ აქვს არავითარი უფლება, ამ პროცესში ჩაერიოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.