იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის
ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ბირთვული რიტორიკა სახიფათოა და „ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება შეცვლის უკრაინის კონფლიქტის ხასიათს“.
„ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატო-ს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. ნატო-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ნატო-ს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს. დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო იმის გაგრძელება, რასაც აკეთებს ახლა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება. ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ლიმანში წინსვლა ადასტურებს, რომ უკრაინელები პროგრესირებენ და შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცისა და უნარების გამო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე იმ მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან. და ეს ყოველ დღე ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე“, – თქვა სტოლტენბერმა.