იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ნატო-ს ლიდერები სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას
ველოდები, რომ ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ამ ძალზედ ღირებული ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოების, ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას ბრიუსელში სამიტზეც, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულით სტოლტენბერგმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის კითხვას, იქნება თუ არა ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში ღია კარის პოლიტიკის საკითხი წამოწეული.
„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წარმატებული იყო. ეს პოლიტიკა დაეხმარა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გავრცელებას ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ნატო-ს წევრების რაოდენობა მას შემდეგ თითქმის გაორმაგდა, 16-დან 32-მდე. ნატო-ს კარი ღია რჩება და ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიც. ჯერ მონტენეგროსა და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებით ნატო-ს ახალ წევრებად. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ სახელმწიფოებთან, როგორიც საქართველო და უკრაინაა. ჩვენი გზავნილია, რომ ისინი ფოკუსირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, მათ უნდა მოახდინონ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში წინ წასაწევად. თუმცა თავად რეფორმებიც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ასპირანტ ქვეყნებს სხვადასხვა პროგრამით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ველოდები, რომ ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ამ ძალზედ ღირებული ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოების, ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას ბრიუსელში ნატო-ს სამიტზეც“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტში მხოლოდ ალიანსის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. „ეს არის შედარებით მოკლე, ერთდღიანი სამიტი, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებთან ფორმატები გათვალისწინებული არ არის“ , – განაცხადა სტოლტენბერგმა.