იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატო-ს რეზერვები, ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება
იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატო-ს რეზერვები, ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება

უკრაინისთვის გაწეულმა აქტიურმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატო-ს რეზერვები, ამიტომ ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წარმოების სიჩქარე და მოცულობა.

„ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის. ამასთან ერთად, რუსეთი ემზადება ზამთრის, როგორც ომის იარაღად გამოსაყენებლად, ამიტომ წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შვედეთს დიდი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინას უწევს.