იენს სტოლტენბერგი - უკრაინის შეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ტერიტორიებზე წარმატების ადრეული ნიშნები აჩვენა
უკრაინის შეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ტერიტორიებზე წარმატების ადრეული ნიშნები აჩვენა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებას აღწევენ და ათავისუფლებენ რუსების მიერ ოკუპირებულ პატარა ქალაქებსა და სოფლებს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა იქნება სისხლიანი და მძიმე. რუსებს ჰქონდათ საკმარისი დრო პოზიციების გამაგრებისთვის, ეს კი საკმაოდ მძიმე თავდაცვითი ხაზებია და მათი გარღვევა რთული ამოცანაა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ჯარებს, რომლებსაც უკრაინული ძალები უწევენ წინააღმდეგობას, სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავთ და ცუდად არიან აღჭურვილები.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინელებს აქვთ გამბედაობა, მონდომება, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და გააძევონ რუსები“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.