იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში ომი, ისევე როგორც ყველა სხვა ომი, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება
უკრაინაში ომი, ისევე როგორც ყველა სხვა ომი, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევს ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.
„ომი თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია და ამიტომ უბრალოდ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ომისთვის. რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი გადაიქცა ომად გამოფიტვამდე, სადაც უკრაინელები დიდ საფასურს იხდიან ქვეყნის დასაცავად ბრძოლის ველზე. მაგრამ ასევე ვხედავთ რუსეთს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ომების უმეტესობა, და დიდი ალბათობით ეს ომიც, რომელიმე ეტაპზე დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მჭიდროდაა დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ მათ მიაღწიონ საუკეთესო შესაძლებელ შედეგს ამ კონფლიქტში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა/
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ნატო-ს გაფართოების საკითხზე და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის წამოწყებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო.
„პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო და ამ საბაბით შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ ის მიიღებს მეტ ნატო-ს, ნატოს მეტი წარმომადგენლობით აღმოსავლეთ ფლანგზე, და მეტი წევრებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გამოხტა ფინეთმა და შვედეთმა. ალიანსში მათი შესვლის წინააღმდეგი ნატო-ს მხოლოდ ერთი წევრი, თურქეთი გამოდის. ანკარა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ თავშესაფრის მიცემა „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრებისთვის, რომელთან თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.
„თურქეთი არის მოკავშირე და მისი შეშფოთებების საპასუხოდ გავაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, დავსხდებით და ვუპასუხებთ მათ შეშფოთებებს და შემდეგ ვიპოვით ერთიან გზას წინ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვაშინგტონში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგი ასევე იმყოფებოდა პენტაგონში და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.