იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, მაშინ ნატო-ში მისი გაწევრიანების საკითხი ვერც განიხილება
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, მაშინ მისი ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ვერც განიხილება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, „ახალ ამერიკულ უსაფრთხოების ცენტრში“ სტუმრობისას განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მხოლოდ უკრაინა და ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ გაფართოების საკითხს და რუსეთს ამ პროცესზე ვეტოს უფლება არ აქვს.
„კიდევ ერთ რამეზე ვთანხმდებით და ეს ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ახლა გადაუდებელი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი და მოიგოს უკრაინამ, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. ასე რომ, ჩვენ ახლა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ძირს უთხრის უკრაინის მხარდაჭერის ერთიანობას. და კიდევ, მსურს, შევაქო შეერთებული შტატები, რომელმაც მართლაც გამოიჩინა ლიდერობა მხარდაჭერის მობილიზებაში როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან მთელ მსოფლიოში, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.