იენს სტოლტენბერგი - უახლოესი დღეები სავარაუდოდ უარესი იქნება, რადგან რუსეთის ძალებს უკრაინაში უფრო მძიმე შეიარაღება შეაქვთ და განაგრძობენ თავდასხმებს
უახლოესი დღეები სავარაუდოდ უარესი იქნება, რადგან რუსეთის ძალებს უკრაინაში შეაქვთ უფრო მძიმე შეიარაღება და განაგრძობენ თავდასხმებს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატოს, ფინეთის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ახორციელებს სასტიკ და არაპროვოცირებულ ინტერვენციას უკრაინაში, რასაც გმობს ნატო და მთელი მსოფლიო.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ათობით წლის განმავლობაში, ევროპაში ეს არის ყველაზე უარესი სამხედრო აგრესია.
„ქალაქები ალყაშია, იბომბება სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები. წუხელ ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო უგუნური ქმედებები განხორციელდა. მრავალი მოქალაქე მოკლული ან დაჭრილია. უახლოესი დღეები სავარაუდოდ უარესი იქნება, მეტი გარდაცვალებით, მეტი ტანჯვითა და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის ძალებს შეაქვთ უფრო მძიმე შეიარაღება და განაგრძობენ თავდასხმებს მთელ ქვეყანაში.
დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა ნატოელ კოლეგებს. ყველა მოკავშირემ გამოუცხადა სოლიდარობა და ღრმა პატივისცემა უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცისადმი. ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებდა უკრაინაში შეჭრას. სწორედ ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეებმა მიმართეს დაუღალავ ძალისხმევას, რათა ეპოვათ დიპლომატიური გამოსავალი. ამავე დროს, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთი გადაიხდიდა ძალიან მაღალ ფასს უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესიისთვის. რუსეთი იხდის ამ საფასურს ახლა. ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, რომელიც მან აირჩია და რომელსაც ის აწარმოებს მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, გაიყვანოს ყველა ძალები უკრაინიდან უპირობოდ და ჩაერთოს ნამდვილ დიპლომატიაში ახლა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.