იენს სტოლტენბერგი - უსაფრთხოების შესახებ თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია, შვედეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თურქეთის შეშფოთების დასაკმაყოფილებლად, ვალდებულებები შეასრულა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ომზე, ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედებაზე, ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხსა და კოსოვოზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ალიანსის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შვედეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მადლობას უხდის თურქეთს კოსოვოს მისიის გაძლიერებისთვის.
„მე და პრეზიდენტმა ერდოღანმა განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მომავალ თვეში ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე დღის წესრიგში იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის მიმართ ნატო-ს ძლიერ მხარდაჭერაზე, მუშაობაზე შემდგომი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, კოსოვოში ჩვენი ყოფნის მნიშვნელობაზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლაზე მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ შვედეთის წინადადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. თურქეთს აქვს ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ. არცერთ სხვა მოკავშირეს არ ჰქონია უფრო მეტი ტერორისტული თავდასხმა. შვედეთმა მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები გადადგა თურქეთის შეშფოთების დასაკმაყოფილებლად. ეს მოიცავს შვედეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს, იარაღის ემბარგოს შეწყვეტას და კონტრტერორისტულ თანამშრომლობას, მათ შორის „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ. ტერორიზმის შესახებ ახალი მნიშვნელოვანი კანონმდებლობა რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში, ამიტომ შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები. მადლობას ვუხდი თურქეთს ბოლო არეულობის შემდეგ ჩრდილოეთ კოსოვოში ძალების გაგზავნისთვის. თურქეთი ასევე მონაწილეობს ნატო-ს მიერ ერაყის ძალების წვრთნაში. თურქეთმა წინასწარ გამოყო ძალები ნატო-ს მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფში უნგრეთში და უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.