იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, რობერტ კალინაკს რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით ესაუბრა.
„დღეს ვესაუბრე ვიცე-პრემიერ რობერტ კალინაკს, რათა გამოვხატო სოლიდარობა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და სლოვაკეთის ხალხის მიმართ. პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ღირებულებების შესანარჩუნებლად“, – წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავადან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. მედიის ცნობით, ამჟამად ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.