იენს სტოლტენბერგი - შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს, რუსეთს სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი
ღრმად დამწუხრეული და შეშფოთებული ვარ ცნობებით რუსეთიდან, რომ ალექსეი ნავალნი გარდაცვლილია. ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და რუსეთს სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნავალნი თავისუფლების, დემოკრატიის ძლიერი ხმა იყო.
„ალექსეი ნავალნი მრავალი წლის განმავლობაში იყო თავისუფლების, დემოკრატიის ძლიერი ხმა და ნატო, ნატო-ს მოავშირეები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. დღეს მე ფიქრებით მის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ვარ. ჩვენ კვლავ მოწოდებული ვართ, მხარი დავუჭეროთ ყველას, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და თავისუფლების, როგორც ამას ალექსეი ნავალნი აკეთებდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სულ უფრო ავტორიტარული სახელმწიფო ხდება, სადაც, მრავალი წელია, ოპოზიცია იდევნება.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.