იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, რაც გავაკეთეთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კავშირში
ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა მიწვეული.
მისი თქმით, დღეს ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ.
„თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი და მისი უნარი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.