იენს სტოლტენბერგი - საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გავმართეთ, მნიშვნელოვანია, ახლო კონტაქტი გვქონდეს, აქტიურად ვმსჯელობთ, როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გავმართეთ, მნიშვნელოვანია, ახლო კონტაქტი გვქონდეს, აქტიურად ვმსჯელობთ, როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა

ჩვენ ნამდვილად აქტიურად ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დღეს სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და აღნიშნა, რომ ახლო კონტაქტები მნიშვნელოვანია.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სტრატეგიული კონცეფციის მიმართულებით ძალიან ბევრ რამეზე იქნება შეთანხმება მადრიდში, თუმცა ნატო-ს კარი ღიაა და მნიშვნელოვანია, რომ ალისნმა ახლოს იმუშაოს პარტნიორებთან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო შეხვედრას დღეს და ძალიან მესიამოვნა მისი გაცნობა, ძალიან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. ჩვენ ორმხრივი შეხვედრა გავმართეთ და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლო კონტაქტი გვქონდეს, ახლო კავშირი გვქონდეს საქართველოსთან და საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ხაზს უსვამს საქართველოს და ნატო-ს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტნიორობა გავაძლიეროთ, მაგალითად, იმ პაკეტის გაძლიერებით და გამყარებით, რაზეც უკვე შევთანხმდით, უფრო მეტი პუნქტი დავამატოთ, მაგალითად, კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ ნამდვილად აქტიურად ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთვის. სტრატეგიული კონცეფციის მიმართულებით ძალიან ბევრ რამეზე შევთანხმდებით მადრიდში, მაგრამ მოკავშირეები ამბობენ და თანხმდებიან, რომ ნატო-ს კარი ღია გახლავთ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, მაგალითად, საქართველოსთან, რომელიც ნამდვილად დიდი ზეწოლის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გავაძლიეროთ ამ პარტნიორობის მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.