იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს, ამაში ვერავინ ჩაერევა
საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ამის დასტურია, რომ ცივი ომის შემდეგ ალიანსის წევრთა რაოდენობა გაორმაგდა და წელს NATO-ს ახალი წევრი, მონტენეგრო შეურთდა.
„NATO-ს სრულუფლებიანი წევრი რომ გახდე, უნდა დააკმაყოფილო სტანდარტები. საქართველო და უკრაინა ფოკუსირებული არიან რეფორმებზე, რომელთა მიზანიც თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის გაძლიერებაა.
NATO საქართველოსა და უკრაინას ამ რეფორმების განმტკიცებაში ეხმარება. საბოლოოდ კი, მათი ალიანსში მოპატიჟების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებასა და პროცესში ვერავინ ჩაერევა. ქვეყნის მომავლის განსაზღვრა ამ სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჰალიფაქსში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. ფორუმი 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.