იენს სტოლტენბერგი - რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ არ გვჯერა იმ ფაქტის, რომ უკრაინული ჯარის უკან დახევა ავდეევკიდან თავისთავად არსებითად შეცვლის სტრატეგიულ სიტუაციას. ამასთან ერთად, ეს გახლავთ შეხსენება, რომ რუსეთი მზადაა, ბევრი სამხედრო გაწიროს უმნიშვნელო ტერიტორიული მიღწევის გამო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ბოლო თვეებში რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატება იმით აიხსნება, რომ რუსეთმა მიიღო მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა ირანისგან, ჩრდილოეთ კორეისგან და ასევე გაზარდა საკუთარი წარმოება და მოახდინა უფრო მეტი ძალის მობილიზაცია. ამიტომ, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის მოკავშირეებმა უნდა გაუწიონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას.
ამავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე და თქვა, რომ „საუკეთესო გზა ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად არის რუსეთის მარცხის უზრუნველყოფა უკრაინაში“.