იენს სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო ძალის გაზრდის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალის გაზრდის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი პროვოკაციები, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მსურს, მივუსამძიმრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბოლო დანაკარგების გამო. რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი გაზრდა გაუმართლებელი, აუხსნელი და ღრმად შემაშფოთებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო მობილიზება, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია. ვწუხვართ რუსეთის გადაწყვეტილების გამო, არ მიიღოს მონაწილეობა ეუთო-ს ბოლო შეხვედრაში, რომ გაექარწყლებინა შეშფოთება თავისი უჩვეულო სამხედრო აქტიურობის გამო. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უწერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლების მხარდაჭერა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
„ნატო უკრაინის გვერდით დგას“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა დიმიტრი კულებასთან პრესკონფერენციაზე.