იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უნდა გააჩეროს მშვიდობიან ხალხზე, ქვეყანაზე თავდასხმა, პუტინი პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან
ყველაზე სასწრაფო რამ, რაც ამ ომს დაასრულებს, არის ის, რომ რუსეთმა უბრალოდ უნდა გააჩეროს უდანაშაულო, მშვიდობიან ხალხზე და ქვეყანაზე თავდასხმა, – ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო და მისი მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან.
„ჩვენ მათ 2014 წლიდან ვეხმარებით აღჭურვილობით, ბევრმა მოკავშირემ უკრაინის შეიარაღებული ძალების ათობით ათასი წევრი გადაამზადა და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ამ ჯარის დიდი ნაწილი ფრონტის ხაზზეა, ებრძვის შეჭრილ რუსულ ძალებს. ეს რა თქმა თქმა, უნდა უპირველეს ყოვლისა უკრაინული ჯარის, ხალხის, ლიდერების გამბედაობის დამსახურებაა, რამაც შეანელა რუსეთის შეჭრა, მაგრამ ის მხარდაჭერა, რაც ნატო-მ გაუწია უკრაინას 2014 წლის შემდეგ, დადასტურდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე ჩვენ ვაწესებთ უპრეცედენტო სანქციებს, ასე რომ კონკრეტული მხარდაჭერა და სანქციები პუტინზე ახდენს ზეწოლას და ზრდის მიზეზებს, რომ ის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
არავის სურს ეს სანქციები, ეს სანქციები ძვირი უჯდება მთელს მსოფლიოს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ამავდროულად, ჩვენ უნდა გვქონდეს რეაქცია, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი სასტიკად არღვევს საერთაშორისო სამართალს, სასტიკი გზით იჭრება დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში. 140-მა ქვეყანამ გაერო-ში ეს მკაცრად დაგმო. ნატო-მ და მისმა მოკავშირეებმა დაუწესეს მკაცრი სანქციები რუსეთს, რომ გაზრდილიყო ზეწოლა, რაც ზრდის შანსს, რომ ისინი მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დავეთანხმები უკრაინის პრემიერ-მინისტრს, რომ ყველა ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
მე პატარა ქვეყნიდან ვარ, ნორვეგიიდან, რომელიც რუსეთის მეზობელია და როცა ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, იოსებ სტალინმა და საბჭოთა კავშირმა თქვეს, რომ ეს იყო პროვოკაცია. შემდეგ ლონდონმა, პარიზმა, ვაშინგტონმა თქვეს, რომ ნორვეგიის გადასაწყვეტია, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი და მათ მიგვიღეს. იდეა, რომ დიდი ქვეყნებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ქვეყნებს, ეს არის პროვოკაცია, ეს არის ისეთი მსოფლიო, რომელში ცხოვრებაც მე არ მინდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალ და დამოუკიდებელ სურვილს.
„ამერიკის შეთანხმებებზე მე არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდა 200 წლის განმავლობაში. მე იმ ომების გასაპროტესტებლად ოსლოს ქუჩებში ვიდექი, მაგრამ ფაქტი, რომ ერთი ქვეყანა, რაღაცას არასწორად აკეთებს ისტორიაში, მეორეს სისასტიკეს არ ამართლებს. უნდა დავიწყოთ მარტივი საფუძვლებით. მარტივი საფუძველი არის, აქვს თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, კი თუ არა, თუ ეს შეკითხვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, შენ ხდები ისეთი მსოფლიოს ნაწილი, რომლის შექმნასაც ახლა პუტინი ცდილობს ძალის გამოყენებით.
ყველაზე სასწრაფო რამ, რაც ამ ომს დაასრულებს, არის ის, რომ რუსეთმა უბრალოდ უნდა გააჩეროს უდანაშაულო, მშვიდობიან ხალხზე და ქვეყანაზე თავდასხმა. პუტინმა უნდა შეაჩეროს, გაიყვანოს ჯარი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად. ვიდრე ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაგრძელებთ მასზე ზეწოლას ეკონომიკური სანქციებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების, მამაცი უკრაინელი ხალხისა და ლიდერობის მხარდაჭერით. სულ მცირე უნდა იყოს ჰუმანიტარულ დერეფნებზე თანხმობა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ გამოსვლა მოახერხოს და ადგილზე შევიდეს მედიკამენტები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.