იენს სტოლტენბერგი - რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მრავალი წელი მზადდებოდა, გროზნოს განადგურება, შეჭრა საქართველოში, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა და ახლა უკრაინის ომი
ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაშია მომზადებული, რომელშიც მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას, რათა მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს.
„გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა და ახლა უკრაინის ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, 2014 წელს უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ, ნატო მოემზადა თავდაცვაზე ხარჯების გაზრდით და თანამედროვე შესაძლებლობებში ინვესტირებით.
„ისტორიაში პირველად, ჩვენ გადავისროლეთ საბრძოლო მზადყოფნაში არსებული ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩვენ გავზარდეთ საკუთარი ძალების მზადყოფნა. როდესაც რუსეთი მიმდინარე წელს ისევ შეიჭრა უკრაინაში, ნატო მზად იყო. ჩვენ გადავისროლეთ დამატებით ძალები ალიანსის აღმოსავლეთით და ამჟამად ჩვენ გვყავს 40 ათასი ჯარისკაცი უშუალოდ ნატო-ს დაქვემდებარებაში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით. ჩვენ გავაორმაგეთ მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფები ბალტიიდან შავ ზღვამდე და გვყავს 100 ათასი ჯარისკაცი მაღალი საბრძოლო მზადყოფნით, რომლებიც მზად არიან, რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ აგრესიაზე და დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის შეკავება, რათა აღმოიფხვრას ნებისმიერი გაუგებრობა. ეს არ არის კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ არის მის ასარიდებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.