იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის მზად, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რომლის მოდერნიზებასაც განაგრძობს.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გერმანულ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც თავს დაესხა უკრაინას და გამოიყენა ჯარი მოლდოვასა და საქართველოში მათი ნების საწინააღმდეგოდ. ამას გარდა, რუსეთი მხარს უჭერს ბაშარ ასადის რეჟიმს და განაგრძობს ბირთვული არსენალის მოდერნიზებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, სანამ რუსეთი არ შეცვლის ქცევას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში დარჩებიან, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება.