იენს სტოლტენბერგი - რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის
რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომით ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს, მაგრამ რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა დიდ რისკებზე წასვლისა და მძიმე ადამიანური დანაკარგების განსახორციელებლად.
„შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება”, – აცხადებს სტოლტენბერგი.