იენს სტოლტენბერგი - რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს მეორე ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი - თავის დასაცავად
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური შეიარაღების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკრაინა ამ აგრესიულ ომში თავს იცავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, არ აქვს ერთიანი პოზიცია ამ ტიპის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ზოგიერთმა მოკავშირემ ხელი მოაწერა კონვენციას კასეტურ შეიარაღებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ მოკავშირეს კი ამ კონვენციაზე ხელი არ აქვს მოწერილი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა სასტიკი ომის წინაშეა.
„ეს სისასტიკე ყოველდღიურად აისახება იმაში, რომ ყოველდღიურად ვხედავთ მსხვერპლს და იმაში, რომ კასეტურ შეიარაღებას ორივე მხარე იყენებს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს მეორე ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი – თავის დასაცავად.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემის საკითხი განხილვის აქტიურ ფაზაშია, თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ მიღებული არ არის.
„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, არ გამოიყენონ კასეტური საბრძოლო მასალები, აშშ-ს კი მოუწოდა, არ გადასცეს ასეთი ტიპის შეიარაღება.