იენს სტოლტენბერგი - რუსეთი დიდ ფასს იხდის მცირე მიღწევებისთვის, მის ომს უკვე 350 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა 350 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინამ თავისი გამბედაობითა და კრეატიულობით აჩვენა, რომ რუსი სამხედროების დამარცხება შესაძლებელია.
„რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის მცირე მიღწევებისთვის. ხმელეთზე პუტინის ომს უკვე 350 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინულმა თავდასხმებმა ჩაძირა ან უფუნქციო გახადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჰაერში უკრაინა ანადგურებს რუსულ სამიზნეებს, მათ შორის ძვირად ღირებულ სადაზვერვო თვითმფრინავებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.