იენს სტოლტენბერგი - რაც უფრო სტაბილურია ნატო-ს სამეზობლო, მით უფრო უსაფრთხოდ ვართ ჩვენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, ალიანსი მუშაობს საქართველოსთან, რათა ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის სამსახურის მოდერნიზაცია მოხდეს.
„ნატო-ს შავ ზღვის აკვატორიაში სამი წევრი სახელმწიფო ჰყავს: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ასევე ორი პარტნიორი ქვეყანა საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვმუშაობთ მათთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ეს საკითხი და აზოვის ზღვაში შექმნილი სიტუაცია აუცილებლად იქნება განხილული ხვალ ნატო-უკრაინა-საქართველოს სხდომაზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რათა ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის სამსახურის მოდერნიზაცია მოვახდინოთ, გავაუმჯობესოთ მათი სამხედრო შესაძლებლობები. გვაქვს გახსნილი ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი თბილისში. ასევე ვმუშაობთ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების მოდერნიზაციაზე. იგივეს ვაკეთებთ უკრაინის შემთხვევაშიც. ამ პრაქტიკულ თანამშრომლობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან, ნატო უფრო უსაფრთხოდაა. ამიტომ, უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ორივე ეს პარტნიორი ძალიან ძვირფასია და ორივე გახდა რუსეთის აგრესიული ქმედების მსხვერპლი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, იმ ფონზე, როდესაც საქართველოსაც და უკრაინასაც რუსეთიდან მომდინარე უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.