იენს სტოლტენბერგი - რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან
იენს სტოლტენბერგი - რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან

რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან, – ამის შესახებ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„რუსეთს შეუძლია, იარაღი ახლავე დაყაროს და ეს ომი დღეს დაასრულოს. უკრაინას ეს არჩევანი არ აქვს. უკრაინის დანებება არ ნიშნავს მშვიდობას, ეს ქნება რუსეთის სასტიკი ოკუპაცია. მშვიდობა ნებისმიერ ფასად საერთოდ არ იქნება მშვიდობა. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა და, შესაბამისად, მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიან გეგმას ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, უკრაინა ახლოს არის ნატო-სთან ისე, როგორც არასდროს. მან ისაუბრა ვილნიუსის სამიტზე მიღებულ სამ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე.

„პირველი – ჩვენ შევამოკლეთ თქვენი გზა ნატო-მდე ორიდან ერთ ნაბიჯამდე, წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის ამოღებით; მეორე – ჩვენ შევთანხმდით პროგრამაზე, რომ უკრაინის ძალები თქვენს მომავალ მოკავშირეებთან სრულად ურთიერთთავსებადი გახდეს; მესამე – ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პოლიტიკური კავშირები უპრეცედენტო დონემდე ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნით, ეს არის ორგანო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად კონსულტაციების გავლა და გადაწყვეტილებების მიღება. ეს სამი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა ახლოს არის ნატო-სთან როგორც არასდროს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„უკრაინის მომავალია ნატო-ში. ვიდრე ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რომ მოგამზადოთ ამ მომავლისთვის, ნატო უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭიროა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.