იენს სტოლტენბერგი - ნატო თურქეთს სარაკეტო სისტემებით და სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტით დაეხმარება
სირიისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად, ნატო თურქეთს სარაკეტო სისტემებით და სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტით დაეხმარება. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთი ნატო-ს წევრებს შორის სირიის არეულობისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და ტერორისტული თავდასხმებისგან მოკავშირეებს შორის ყველაზე დიდი ზიანი მიიღო. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი აღიარებს, რომ თურქეთი მძიმე ტვირთს ატარებს, თუმცა კრიზისის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის, ანკარამ თავის როლი უნდა ითამაშოს.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს წევრებს მოუწოდა, რომ კრიტიკულ მომენტში ანკარას სოლიდარობა აჩვენონ და დახმარება აღმოუჩინონ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი თითქმის ათი წლის განმავლობაში ებრძვის სირიისგან წამოსულ საფრთხეს, ტერორისტულ ჯგუფებს და ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომლის ჯარისკაცებიც იღუპებიან.
„არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არ იყოს შეშფოთებული სირიაში არსებული კონფლიქტებისა და ადამიანური დრამის გამო“,- აღნიშნა ერდოღანმა.