იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში თურქეთის წვლილი იმაზე ფართოა, ვიდრე „ეფ-35“-ის მნიშვნელობა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, „ეფ-35“-ის პროგრამიდან თურქეთის გარიცხვას ეხმაურება. სტოლტენბერგი ფაქტით შეშფოთებულია.
„შეშფოთებული ვარ იმ შედეგით, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი „ეფ-35“-ის ნაწილი აღარ იქნება. ეს არ არის კარგი, ჩვენთვის ყველასთვის ცუდია“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ში თურქეთის წვლილი იმაზე ღრმა და ფართოა, ვიდრე „ეფ-35“-ის მნიშვნელობა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, საერთაშირისო კოალიციამ სწორედ თურქეთის დახმარებით შეძლო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხება.
„ჩვენ ვიყენებდით ბაზებს, ინფრასტრუქტურას და თურქეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ბრძოლაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ დაუყენებია თურქეთის „ეფ-35“-იდან გარიცხვის საკითხი, რადგან წევრი სახელმწიფოები აცნობიერებენ, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები.
პენტაგონის გადაწყვეტილებით, თურქეთი უახლესი ამერიკული გამანადგურებლის „ეფ-35“-ის წარმოების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. აშშ-ის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ანკარას მიერ რუსეთისგან საზენიტო კომპლექს „ეს-400“-ის შეძენაა.