იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, თავდაცვის სფეროში დაფინანსება 3,8 %-მდე გაზარდონ
ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, თავდაცვის სფეროში დაფინანსება 3,8 %-მდე გაზარდონ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაერთიანების თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე ოთხი წელია ჩვენ რეალურად ვზრდით თავდაცვის ხარჯებს. ყველა მოკავშირემ შეწყვიტა აღნიშნული სფეროს დაფინანსების შემცირება. მათი დიდი ნაწილი თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს ხარჯავს. დანარჩენები კი ამის გაკეთებას 2024 წლამდე აპირებენ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლის შემდეგ ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის სფეროში საერთო ჯამში, 87 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
ამასთან ერთად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნატო-სთვის რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად აუცილებელია დიალოგი. ამისთვის კი ალიანსი იყენებს ე.წ. ორმხრივ მიდგომას.