იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა სირიაზე სარაკეტო დარტყმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა სირიაზე სარაკეტო დარტყმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა სირიაზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ალიანსის ყველა წევრმა გამოხატა მხარდაჭერა სირიასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს გაერო-ს ძალიასხმევას, რომელიც მიმართულია სირიაში მშვიდობის დამყარებისკენ.

სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, ჟენევის პროცესში დამასკოს მონაწილეობა უზრუნველყოს. ამას გარდა, სტოლტენბერგის თქმით, ნატო დამასკოს, მოსკოვისა და თეირანისგან სირიაში ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ დაშვებას ითხოვს.

გენერალური მდივნის განცხადებით, განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა დამასკოს ქიმიური პოტენციალი შეასუსტა.