იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრები ორგანიზაციის ბიუჯეტის გადანაწილების ახალ სქემაზე შევთანხმდით
ნატო-ს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ორგანიზაციის ბიუჯეტის გადანაწილების ახალ სქემაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მართალია, რომ ჩვენ შევთანხმდით ახალ ფორმულაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებს გადაიხდის, გერმანია მეტს გადაიხდის. ამ გზით გერმანია და ამერიკა ნატო-ს ბიუჯეტში თანაბარ თანხას შეიტანენ“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის ამ განცხადებამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ნატო-ს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის შემცირებას გეგმავს. ამერიკულ ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზოგილ თანხას აშშ უკრაინასა და საქართველოში პროგრამებს მოახმარს.