იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხზე ივნისში იმსჯელებენ
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხზე ივნისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორებიც არიან პოლონეთი და სლოვაკეთი, უკვე მიაწოდეს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, თუმცა ისინი ძველი საბჭოთა ტიპის MIG-29-ებია. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ, საჭიროა თუ არა თანამედროვე დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავები, როგორც ნატო-ში, ასევე უკრაინაში. ველოდები, რომ ეს თემა განიხილება ივნისში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეც“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, იარაღის მიწოდების საკითხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რომ პენტაგონის განცხადებით, ისინი არ გააპროტესტებენ, თუ რომელიმე ქვეყანა ამერიკულ F-16 ტიპის გამანადგურებლებს უკრაინას გადასცემს. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა კოალიციის შექმნა დააანონსა, რომელიც უკრაინისთვის F-16-ების შესყიდვას ისახავს მიზნად.