იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით, 2022 წელს რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

„ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად,“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ნატო-მ უარი თქვა, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც კიევი ითხოვდა და ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა.

„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის თავდასხმის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იქნებოდა. შეაკავებდა თუ არა ეს რუსეთს, ამის თქმა შეუძლებელია. როდესაც პირველად ვეწვიე უკრაინას 2015 წელს, მე ვესტუმრე იქაურ საწვრთნელ ცენტრს. აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იქ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ; ჩვენ, როგორც ნატო, ამას არ ვაკეთებდით. საერთო ჯამში, ჩვენი წვრთნა და აღჭურვილობა საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

„ამ ომის დასასრულებლად გარკვეულ ეტაპზე კვლავ მოგვიწევს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სიძლიერეს“, – თქვა მან.

ცნობისთვის, სტოლტენბერგი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოქტომბერში დატოვებს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს, რომელსაც ის 2014 წლიდან იკავებს. ივნისში ორგანიზაციის მომდევნო ხელმძღვანელად ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დასახელდა.