იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს სამიტზე გავაძლიერებთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, მათ შორის მეტი ინვესტიციით, ასევე გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და მივაახლოებთ ნატო-სთან
ამ კვირაში ნატო-ს სამიტზე გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, მათ შორის მეტი ინვესტიციით. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და მივაახლოებთ უკრაინას ნატო-სთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ უფრო მჭიდროდ იმუშავებენ პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭირონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
„ლიეტუვაში ბოლოს სულ რაღაც ორი კვირის წინ ვიყავი. ჩვენ ერთად შევხვდით ლიეტუველ და გერმანელ ჯარებს, რომლებიც „გრიფინ სტრომ წვრთნებში“ მონაწილეობდნენ, რითიც ვაჩვენეთ ჩვენი უნარი, გავაძლიეროთ ნატო-ს ყოფნა ლიეტუვაში ბრიგადის ზომამდე.
სამიტზე ჩვენ გადავდგამთ შემდგომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის იქნება სამი ახალი რეგიონული გეგმა, რომელსაც ზურგს უმაგრებს 300 000 ჯარისკაცი მაღალი მზადყოფნით და ძირითადი შესაძლებლობებით ყველა სფეროში.
ეს აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ დავიცავთ ლიეტუვის თითოეულ სანტიმეტრს და მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დახმარების მრავალწლიან პაკეტს საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლისთვის, რაც უკრაინის ძალებს მოკავშირეებთან სრულად თავსებადს გახდის, და მოიცავს კრიტიკულ საჭიროებებს, როგორებიცაა განაღმვის აღჭურვილობა, საწვავი და სამედიცინო მარაგი. ჩვენ ასევე გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე. ხვალ კი მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზას. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გავაძლიეროთ საკუთარი ძალები, ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.