იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესს დააფასებენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ივლისში დაგეგმილ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესს აუცილებლად აღნიშნავს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვარშავაში საპარლამენტო ასამბლეაზე ქართველი დეპუტატის ირაკლი ბერაიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხდა.
ირაკლი ბერაიამ სტოლტენბერგს ჰკითხა, რას უნდა ელოდოს საქართველო ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე.
„პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას. საქართველოს აქვს ყველა საშუალება, გახდეს ალიანსის წევრი. საქართველოს აქვს წლიური სამოქმედო გეგმა. ასევე ფუნქციონირებს ნატო-საქართველოს კომისია. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა არის საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია კონკრეტულად სამიტის ფორმატი და ელემენტები, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოკავშირეები იპოვიან გზას, რათა აღნიშნონ და დააფასონ საქართველოს წინსვლა და მადლიერება გამოხატონ ამ ქვეყნის კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში შეაქვს, განსაკუთრებით ავღანეთში. ის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.