იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის დამატებით დახმარებაზე, ჩვენ კვლავ დავუწესებთ უპრეცედენტო საფასურს რუსეთს
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის დამატებით დახმარებაზე, ჩვენ კვლავ დავუწესებთ უპრეცედენტო საფასურს რუსეთს

დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს უპრეცედენტო საფასურს დაუწესებენ.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა გზავნილით, სადაც მადლობა გადაუხადა ნატო-ს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა მეტი სამხედრო დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას. ჩვენ კვლავ დავუწესებთ უპრეცედენტო საფასურს რუსეთს და გავაძლიერებთ მოკავშირეების შეკავებას, თავდაცვას. ლიდერებმა დაამტკიცეს ოთხი დამატებითი საბრძოლო ჯგუფი ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ეს არის დამატებითი ჯგუფები, რომლებიც უკვე გვყავს ბალტიისპირეთში და პოლონეთში. ასე რომ, ჩვენ გვყავს რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ევროპაში არის 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას. 40 000 ჯარისკაცი გვყავს უშუალოდ ნატო-ს სარდლობის ქვეშ, ძირითადად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ჯარები გაძლიერებულია საჰაერო და საზღვაო კომპონენტებით, მათ შორის არის ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფები ჩრდილოეთში და ხმელთაშუა ზღვაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ლიდერები დღევანდელ სამიტზე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სახმელეთო, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ შეკავებისა და თავდაცვის გადატვირთვაზე გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების ახალი რეალობის გათვალისწინებით. ხმელეთზე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გვეყოლება არსებითად მეტი ძალები უმაღლეს მზადყოფნაში. ჰაერში, ჩვენ განვათავსებთ მეტ სამხედრო თვითმფრინავებს ჩვენი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად. ზღვაში ჩვენ გვეყოლება ავიამზიდის დამრტყმელი დამატებითი ჯგუფი, წყალქვეშა ნავები და საბრძოლო გემების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ კიბერთავდაცვას ფოკუსირებულს კოლექტიურ თავდაცვასა და ურთიერთთავსებადობაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსის წევრები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის დამატებით დახმარებაზე. მისივე თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მეტს გააკეთებენ უკრაინისთვის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.

„მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის დამატებით დახმარებაზე, რომ მხარი დავუჭიროთ, დაიცვან თავდაცვის უფლება. ალიანსი უკრაინას აძლევს სამხედრო დახმარებას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე უპილოტო თვითმფრინავებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალიან ეფექტურია. ასევე უკრაინას ვაძლევთ არსებით ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. დღეს შევთანხმდით, რომ მეტს გავაკეთებთ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით, ასევე უკრაინისთვის აღჭურვილობის მიცემით, რომელიც საჭიროა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, კონფლიქტი მეტად არ გავრცელდეს, რადგან ეს შესაძლოა, იყოს მეტად სახიფათო და გამანადგურებელი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ერთად, ნატო უნდა დაეხმაროს ქვეყანას სუვერენიტეტის დაცვაში.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის არის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა შექმნილ კრიზისში ჩინეთის როლზე. მისი თქმით, მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს ჩინეთს, თავი შეიკავოს რუსეთის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერისგან.

„ჩვენ ასევე შევეხეთ პეკინის როლს ამ კრიზისში. მოკავშირეთა ლიდერებმა მოუწოდეს ჩინეთს, თავი შეიკავოს რუსეთის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერისგან. ჩინეთმა არ უნდა უზრუნველყოს რუსეთის შეჭრის ეკონომიკური ან სამხედრო დახმარება. ამის ნაცვლად, პეკინმა უნდა გამოიყენოს მისი მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთზე და ხელი შეუწყოს მშვიდობიან დაუყოვნებლივ გადაწყვეტას.

დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ძლიერი ვალდებულება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისა და ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიმართ. ნატო-ს გაფართოება იყო ისტორიული წარმატება, გავრცელდა დემოკრატია, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროპაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, ნატო-ს უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა დიდი ხნის მანძილზე და ჩვენ ამას ვპასუხობთ. უსაფრთხოება უფასოდ არ მოდის და მეტის გაკეთებას მეტი საფასური ექნება. ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ ძალისხმევის გაორმაგებაზე, რომ შესრულდეს თავდაცვის ხარჯების დაპირება, რომელიც გავეცით 2014 წელს. მივესალმები, რომ დღეს რამდენიმე მოკავშირემ განაცხადა თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდასთან დაკავშირებით. ამ სახიფათო დროს, ტრანსატლანტიკური ერთობა და სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.