იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას ყველა მოკავშირე, ანუ, არ არსებობს არასწორი გაგების არავითარი საფუძველი, შეტევა ერთ ქვეყანაზე, ჩაითვლება შეტევად ყველას წინააღმდეგ
ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. სტოლტენბერგის განმარტებით, ეს არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ უდანაშაულო სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს საჰაერო და სარაკეტო შეტევით, სახმელეთო ძალებისა და სპეციალური ძალების შეტევით სხვადასხვა მიმართულებიდან, რომელსაც მიზანში ამოღებული აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძირითადი ურბანული ცენტრები.
ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისთვის და დაღუპულებისთვის.
ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება, გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან და აირჩიოს დიპლომატიის გზა. ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას. რუსეთი იყენებს ძალას, რათა გადაწეროს ისტორია და უარს ამბობს უკრაინისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი განვითარების გზაზე. ნატო-ს ძირითადი ამოცანა გახლავთ, დაიცვას ყველა მოკავშირე. ანუ, არ არსებობს არასწორი გაგების არავითარი საფუძველი. შეტევა ერთ ქვეყანაზე ჩაითვლება შეტევად ყველას წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება კითხვას, ნატო-ს მოკავშირეებს ხომ არ ემუქრება საფრთხე რუსეთისგან და თუ გადახედავს ნატო უკრაინაში შესვლის შესაძლებლობას, – სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირეს დაიცავენ ყველა თავდასხმისგან.
„ნატო გახლავთ ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში და არავის არ უნდა შეეშალოს, რომ ყველა მოკავშირეს დავიცავთ ყველა შეჭრისგან, ყველა თავდასხმისგან. ამიტომაც გავზარდეთ აღმოსავლეთ ნაწილში ალიანსის, ჩვენი ყოფნა. ათასობით ჯარისკაცი, თვითმფრინავი და საბრძოლო ხომალდი გავაგზავნეთ იქ. თავდასხმა ერთზე გულისხმობს თავდასხმას ყველაზე. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, გათვლილია, გაზომილია, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროა, რადგან ხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და შესაბამისად, მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ, რომ სრული გაგება უნდა არსებობდეს ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.