იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს ორგანიზაციაში უკრაინის მიპატიჟების საკითხს, პროცესში სხვა ვერ ჩაერევა
ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს ორგანიზაციაში უკრაინის მიპატიჟების ან წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს, ამ პროცესში სხვა ვერ ჩაერევა – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინისთვის ასპირანტების ქვეყნების ჩამონათვალში გადაყვანის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან. ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ალიანსი უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ დონეზე დახმარებას უწევს. მე მივიღე პეტრო პოროშენკოს წერილი, სადაც საუბარია უკრაინის მისწრაფებაზე გახდეს ნატო-ს წევრი და ასევე, წერილშია თხოვნა უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების თაობაზე.
ჩვენი პოზიცია ასეთია – ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და ჰქონდეს მისწრაფება. უკრაინას აქვს ამის უფლება. საბოლოოდ კი, ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს ორგანიზაციაში უკრაინის მიპატიჟების ან წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს. ამ პროცესში სხვა ვერ ჩაერევა. ეს არის ალიანსის 29 წევრისა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელიც მიისწრაფის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
9 მარტს ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია ალიანსის ასპირანტი ქვეყნების შესახებ და ჩამონათვალს უკრაინა დაემატა. დღესდღეობით, ნატო-ს ასპირანტი ქვეყნები არიან საქართველო, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და უკრაინა.
ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციის განახლებას უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურება მოჰყვა. „მივესალმები მნიშვნელოვან და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით. ნატო-მ დააფასა უკრაინის ამბიციები ალიანსში გაწევრიანების გზაზე“, – დაწერა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელში.
2017 წლის ივლისში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დასახელდა. კანონის მიღების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ნატო-სთან უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.