იენს სტოლტენბერგი - ნატო-რუსეთის საბჭოზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და თითოეული ქვეყნის უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი გზა
ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია უკრაინის საზღვართან და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს არ იყო მარტივი დისკუსიები, მაგრამ აჩვენა, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა სერიოზული და პირდაპირი ურთიერთგაცვლა უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, მის შედეგებზე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხებზე მნიშვნელოვანი განსხვავებებია ნატო-ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის. არ იქნება მარტივი ჩვენი განსხვავებების დაკავშირება, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე და რუსეთი დასხდნენ ერთ მაგიდასთან და განიხილეს არსებითი საკითხები“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთმა შეხვედრაზე წარმოადგინა დეკემბერში გამოქვეყნებული ინიციატივები.
„დღეს რუსეთმა წარადგინა დეკემბერში გამოქვეყნებული ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების წუხილებს. ეს გულისხმობს ნატო-ში ახალი წევრების მიღების შეჩერებას და აღმოსავლელი მოკავშირეების ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანას. თავის მხრივ, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და თითოეული ქვეყნის უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი გზა. ამავე დროს, რუსეთმა და ნატოელმა მოკავშირეებმა დაადასტურეს დიალოგის აღდგენის საჭიროება. ნატოელი მოკავშირეები მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს დეტალური დისკუსიების გასამართად, რათა წარდგენილი იყოს კონკრეტული შეთავაზებები. მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია უკრაინის საზღვართან და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.