იენს სტოლტენბერგი - ნატო მხარს უჭერს სტაბილურ, უსაფრთხო და ნეიტრალურ მოლდოვას
„ნატო მხარს უჭერს სტაბილურ, უსაფრთხო და ნეიტრალურ მოლდოვას”,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე დასასწრებლად ბრიუსელში ჩასულმა პაველ ფილიპმა შეხვედრები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსშიც გამართა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნატო დეკემბერში მოლდოვის დედაქალაქში პირველ სამეკავშირეო ოფისს გახსნის.
„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მოლდოვასა და ნატო-ს ურთიერთობების გაძლიერების გზაზე. სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება მოლდოვას ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე. ეს იქნება ისეთი ოფისი, რომელიც გვაქვს მოსკოვში, კიევსა და თბილისში”,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოლდოვის მიერ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტზეც ისაუბრა.
„ნატო-სა და მოლდოვას 25 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. ნატო მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მოლდოვის მიერ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს. ნატო-ს მჭიდროდ თანამშრომლობს იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც ნეიტრალიტეტი აქვთ არჩეული.
მაგალითად, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან. პრემიერ-მინისტრო, ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის, რომ მოლდოვას არ სურს ნატო-ში გაწევრიანება. მხოლოდ თქვენს ქვეყანაზეა დამოკიდებული უსაფრთხოების რა ზომები გსურთ. მივესალმებით თქვენს სურვილს, რომ ჩვენი ღირებული პარტნიორი იყოთ და მივესალმებით ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას”,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა პაველ ფილიპთან შეხვედრის შემდეგ.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო-ს ფუნდამენტური პრინციპია, დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებსაც ორგანიზაციის წევრობა სურთ და განიხილონ მომავალი წევრობისთვის აუცილებელი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების საკითხები, მაგრამ ნატო ასევე პატივს სცემს და მხარს უჭერს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ალიანსის წევრობა არ სურთ.
ნატო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმაც.
„მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მოლდოვას სურს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო ურთიერთობა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება. ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და ამ თანამშრომლობას აკრიტიკებს, ვეტყვი რომ ნეიტრალიტეტი იზოლაციას არ ნიშნავს. მოლდოვის რესპუბლიკა არის ღია ქვეყანა და ღიაა თანამშრომლობისთვის”,- განაცხადა პაველ ფილიპმა.
მოლდოვის რესპუბლიკის მიერ 1994 წელს მიღებული კონსტიტუციის 11-ე მუხლის თანახმად, მოლდოვის რესპუბლიკას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არ დაუშვებს უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნას მის ტერიტორიაზე.