იენს სტოლტენბერგი - ნატო მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, გახდეს ნატო-ს წევრი
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ეს არის მიზეზი იმის, თუ რატომ ეხმარება ნატო როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველოს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ეს განსაკუთრებით ეხება რეფორმებს. ჩვენ ვაქებთ საქართველოს ძალისხმევისთვის, იმ პროგრესის გამო, რომელსაც ვხედავთ. განსაკუთრებით ეს ეხება რეფორმებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მშენებლობას, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, კორუფციასთან ბრძოლას და ასევე სასამართლო სისტემას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენას.
მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს წვლილი შეაქვს ნატო-ს ოპერაციებში, მონაწილეობს წვრთნებში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები იმყოფებიან ავღანეთში, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ეს არის ნაწილი ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. სხვას არავის აქვს უფლება დაბლოკოს ან ვეტო გამოიყენოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ხოლო წევრობას საქართველო და ნატო-ს 29 წევრი გადაწყვეტს.
წევრობის სამოქმედო გეგმაც და წევრობის მოთხოვნაც ერთი მონეტის ნაწილებია. სამოქმედო გეგმა არის გაწევრიანების შემადგენელი ნაწილი, ამიტომაც ჰქვია წევრობის სამოქმედო გეგმა. გეგმა, რომ გახდე ნატო-ს წევრი. საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უკვე შეასრულა ძალიან ბევრი ელემენტი, რომელსაც წევრობის სამოქმედო გეგმა მოიცავს. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ვახორციელებთ რეფორმებს. ნატო ძლიერად არის წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო ძლიერად არის წარმოდგენილი ნატოში. ასე უნდა გავაგრძელოთ და წავიდეთ წინ ნატო-ს წევრობისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.