იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს კონსულტაციებს ვილნიუსის სამიტის ფორმულირებაზე ალიანსში უკრაინის სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით
ნატო აგრძელებს კონსულტაციებს ვილნიუსის სამიტის ფორმულირებაზე უკრაინის ალიანსში მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინა დღეს განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ამ კონტექსტში პოზიტიურია, რომ მოკავშირეები რამდენიმე საკვანძო საკითხზე შეთანხმდნენ.
„დარწმუნებული ვარ, ამ სამიტზე კარგ გამოსავალს ვიპოვით. მოკავშირეებმა უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ასევე, შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის და ალიანსის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, გახდება თუ არა ის ნატო-ს წევრი. ახლა ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ უკრაინამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეინარჩუნოს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი ომში. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ, ათავისუფლებენ უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას და უკრაინის წინსვლა ბრძოლის ველზე გააძლიერებს კიევის პოზიციას მოლაპარაკებებში.