იენს სტოლტენბერგი - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი სისასტიკე ევროპაში ათწლეულებია, არ გვინახავს
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი სისასტიკე ევროპაში ათწლეულებია, არ გვინახავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ომი უნდა დასრულდეს.
„მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი სისასტიკე ევროპაში ათწლეულებია, არ გვინახავს. საშინელებაა და ყოვლად მიუღებელია, როდესაც მშვიდობიანი მცხოვრებლები სამიზნეები ხდებიან და მათ კლავენ. ეს ხაზს უსვამს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, იენს სტოლტენბერგის თქმით, მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებების შესახებ გამოძიების დაწყებას.
ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსების მიერ საკუთარი პოზიციების დატოვება არ არის შეიარაღებული ძალების რეალური გაყვანა.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის რეალური გაყვანა. ვხედავთ, რომ რუსეთი ახორციელებს საკუთარი ძალების გადაჯგუფებას და გაყავთ მხოლოდ მცირე რაოდენობა, ხელახალი შეიარაღებისთვის, გაძლიერებისთვის და მარაგების შესავსებად. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურები, რადგან შეტევები გრძელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.