იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც, ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატო-ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. ჩვენ ვნახავთ დღეიდან, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.
მადლობა მასპინძლობისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივ და რიცხვობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.