იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს ჩინეთს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩინეთს მოუწოდებს, უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდაჭერა შეწყვიტოს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ოსლოში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ომი აჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება რეგიონული არ არის, არამედ გლობალურია. ირანი და ჩრდილოეთ კორეა უზრუნველყოფენ რუსეთს დრონებით. ჩინეთი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გადამწყვეტი მხარე რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების მასალების გადაცემას – კომპონენტებს, აღჭურვილობას და ნედლეულს. მოვუწოდებ ჩინეთს, შეწყვიტოს რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, სამხედრო დახმარება ახლა უკრაინელებს სჭირდებათ. მისივე თქმით, ამ ომის სწრაფად დასრულების გზა უკრაინისთვის შეიარაღების მიცემაა.
„პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ომის ველზე ვერ მოიგებს, მან უნდა მიიღოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, სადაც უკრაინა არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.