იენს სტოლტენბერგი - მხოლოდ მოკავშირეებს და უკრაინას შეუძლიათ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი
იენს სტოლტენბერგი - მხოლოდ მოკავშირეებს და უკრაინას შეუძლიათ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ოსლოში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უკრაინის ნატო-სთან დაახლოების საკითხი.

როგორც იენს სტოლტენბერგმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღია რჩება.

„ამ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლისთვისაც ვემზადებით ვილნიუსის სამიტზე ივლისში. დღეს ორიენტირებული ვიყავით, როგორ შეგვიძლია უკრაინის ნატო-სთან დაახლოება, სადაც მისი ადგილია. ნატო უკვე უპრეცედენტო დახმარებას წევს. დარწმუნებული ვარ, უკრაინულ ძალებს ახლა აქვთ საჭირო შესაძლებლობები, მეტი ოკუპირებული მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. ვმუშაობთ მხარდაჭერის მრავალწლიან პაკეტზე ძლიერი დაფინანსებით. ეს უზრუნველყოფს უკრაინის თავდაცვას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის გაწევრიანების მისწრაფების საკითხიც. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. მხოლოდ მოკავშირეებს და უკრაინას შეუძლიათ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. რუსეთს არ აქვს ვეტო და ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნება. არ ვიცით, როდის დამთავრდება ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ გვქონდეს სანდო ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომავალში და დავარღვიოთ რუსეთის აგრესიის ციკლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.