იენს სტოლტენბერგი - მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს
მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერაზე.
„მიმდინარე კვირას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან ორი წელი სრულდება. უკრაინის ძალების გაყვანა ავდეევკიდან აჩვენებს, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა, თუმცა უკრაინელები კვლავ აჭარბებენ მოლოდინებს. ნატო განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას. სულ რამდენიმე დღის წინ ალიანსმა გამოაცხადა მილიონობით ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, საბრძოლო მასალებსა და „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობას. ნატო-ს პარტნიორები ასევე ასრულებენ საკვანძო როლს. მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.